ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი აცხადებს განაცხადების მიღებას 2022 წელს საქართველოში მცირე მასშტაბის პროექტების განსახორციელებლად.
ფონდი მხარს დაუჭერს ინიციატივებს შემდეგი პროგრამული მიმართულებებით:
- დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო საზოგადოება;
- გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და ურბანულ პოლიტიკებში მონაწილეობა და მათზე ზეგავლენა;
- გენდერული დემოკრატია.
დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის და სამოქალაქო საზოგადოების პროგრამული მიმართულების ფარგლებში, ფონდი პრიორიტეტს მიანიჭებს განაცხადებს, რომლებიც მიზნად ისახავენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მუშაობას და მხარს უჭერენ სამოქალაქო აქტივობებს ან/და პოლიტიკურ განათლებას შემდეგი მიმართულებებით:
- ინოვაციური ინიციატივები, რომლებიც ხელს უწყობს ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას და უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობას საქართველოს დემოკრატიული განვითარების საკითხებზე სამსჯელოდ;
- დისკუსიების მხარდაჭერა საქართველოში პოლიტიკის და საზოგადოების პოლარიზაციის მიზეზებისა და შედეგების განსახილველად;
- ინიციატივები, რომლებიც მხარს უჭერს მარგინალიზებული/სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის ინტერესების პოლიტიკის დღის წესრიგში დაყენებას და მიზნად ისახავს ამ ჯგუფების გაძლიერებას;
- საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობის ჩართულობით ადგილობრივი პოლიტიკური და საზოგადოებრივი საკითხების შესახებ დისკუსიების მხარდაჭერა ახალი საშუალებების/პლატფორმების (მათ შორის, სახელოვნებო ფორმები, როგორებიცაა გამოფენები, ფილმები და სხვა) გამოყენებით;
- კვლევა, თარგმანები, სამუშაო შეხვედრები და სხვა აქტივობები, რომლებიც უკავშირდება მწვანე პოლიტიკური განათლების ხელშეწყობას.
გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და ურბანულ პოლიტიკებში მონაწილეობისა და მათზე ზეგავლენის მიმართულების ფარგლებში ფონდი უპირატესობას მიანიჭებს წინადადებებს,რომლებიც წარმოაჩენს და წაახალისებს სამოქალაქო აქტივობებს და/ან პოლიტიკურ განათლებას შემდეგი მიმართულებებით:
- კამპანიები და საქმიანობები (როგორიცაა დისკუსიები, კვლევა, პუბლიკაცია, მრგვალი მაგიდა და ა.შ.), რომლებიც ხელს უწყობს ან ადვოკატირებს ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაცვას;
- საზოგადოების მონაწილეობა პროცესებში, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს გარემოზე;
- პარიზის შეთანხმებით, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით (გარემოსდაცვითი და ენერგეტიკის მიმართულებით) და ევროპის მწვანე შეთანხმებით გათვალისწინებულ პროცესებში/ღონისძიებებში მონაწილეობა ან მათი შესრულების მონიტორინგი;
- აქტივობები, რომლებიც ენერგეტიკის წყაროების დივერსიფიცირებას და სექტორისგამჭვირვალობას უწყობს ხელს;
- ურბანულ პოლიტიკაში მწვანე მიდგომების და მონაწილეობითი პრაქტიკების წახალისება;
- ურბანული განვითარების ჰუმანიტარული, სოციალური, გენდერული და ეკონომიკური ასპექტები;
- აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს დისკუსიებს ან ქმნის ცოდნას გენდერულ თანასწორობას, გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებას შორის არსებულ კავშირებზე.
გენდერული დემოკრატიის პროგრამული მიმართულების ფარგლებში, ფონდი პრიორიტეტს მიანიჭებს განაცხადებს, რომლებიც მხარს უჭერს სამოქალაქო აქტივობებს და/ან პოლიტიკურ განათლებას შემდეგი მიმართულებებით:
- საქართველოს რეგიონებიდან ფემინისტური ინიციატივების, საგანმანათლებლო შეხვედრებისა და კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერა, რომელთა მიზანია გენდერული თანასწორობის სოციალურ და პოლიტიკურ დღის წესრიგზე ზეგავლენა;
- კვლევების, ინიციატივების, ღონისძიებების, პუბლიკაციების მხარდაჭერა, რომელთა მიზანია ფემინისტური და ქვიარ დღის წესრიგის გამრავალფეროვნება და გაფართოება;
- იმ აქტივობების მხარდაჭერა, რომელთა მიზანია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გენდერულ ასპექტებზე საუბარი, ზრუნვის პოლიტიკასა და ეკონომიკაზე ფოკუსით.
საპროექტო განაცხადი უნდა გამოიგზავნოს მისამართზე info@ge.boell.org 2021 წლის 10 დეკემბრამდე (პარასკევი, 18:00 საათამდე) Project Proposal 2022-ის მითითებით. განაცხადის, თემატური მიმართულებების ან ბიუჯეტის შესახებ კითხვების შემთხვევაში, განმცხადებელმა ორგანიზაციამ ფონდთან დასაკავშირებლად იგივე იმეილი უნდა გამოიყენოს.
ფონდი პრიორიტეტს ანიჭებს თანამშრომლობას ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებთან, რომლებიც იზიარებენ მწვანე პოლიტიკურ ღირებულებებს. განმცხადებლები არ უნდა იყვნენ დაკავებული რაიმე სახის კომერციული საქმიანობით.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ ბმული
ან მიმართეთ „უმცირესობათა თემების სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებს“ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები გაუწევენ დახმარებას.
ახალქალაქი: ჩარენცის ქ. #18/1
ნინოწმინდა: პუშკინის ქ. #49ა
მარნეული: გამსახურდიას ქ. #4
გარდაბანი: ლესელიძის ქ. 1 კვარტალი, 1 კორპუსი