23 იანვარს, ახალქალაქის „სერეკის“ ოფისში კავშირ „ხოდოს“ თხოვნით, მუნიციპალიტეტში ტურიზმთან და ტურისტული მარშრუტების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული სემინარი გაიმართა. სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა პრიორიტეტული და პოტენციური მარშრუტების პერსპექტივებსა და დამთვალიერებელთა შორის ახალქალაქის პრომოუტირების თაობაზე. პერსპექტივების გარდა, საუბრები შეეხო იმ სუსტ და მოწყვლად მხარეებს, რომელთა დაუყოვნებლივი თუ ეტაპობრივი გამოსწორება დადებითად აისახება შედეგებზე, აღნიშნული მარშრუტების ამოქმედების შემთხვევაში. შეხვედრაზე, სპეციალისტთა მიერ ხაზი გაესვა მუნიციპალიტეტის მდებარეობასაც, როდესაც ტურისტული ნაკადები, რომლებიც მიემართებიან ვარძიასა თუ დაშბაშში შესაძლოა ახალქალაქში რამდენიმე დღით შეყოვნდნენ, თუკი ადგილობრივი რესურსებით შესაძლებელი გახდება ვიზიტორთა ინტერესის გამოწვევა.
შეხვედრას ესწრებოდნენ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მერის პირველი მოადგილე, ასევე მერიის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სპეციალისტი ტურიზმის საკითხებში, ბლოგერები და დარგის ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაცია PMMG-ის მიერ ფინანსურად მხარდაჭერილი პროექტის წარმომადგენლები და ადგილობრივი მედია. ხანგრძლივი შეხვედრის შედეგად, მონაწილეება საზოგადოებისათვის წარსადგენად შეარჩიეს 5 ტურისტული მარშრუტი. შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, 25 იანვარს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა სხდომა და 2023-27 წლების ტურიზმის განვითარების გეგმის პრეზენტაცია.